01, მარტი 2019 20:04:00
როგორ მუშაობენ სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოები აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში ? ასრულებს თუ არა რგოლი იმ ფუნქციას, რასაც კანონი განუსაზღვრავს? რამდენად აქტიურად აკვიდრებიან საჯარო მოხელეების მუშაობას და გასცემენ თუ არა სათანადო რეკომენდაციებს?
ვახტანგ ბერიძე ხულოს მერის მოვალეობის შემსრულებლად ოთხ თვეზე მეტია მუშაობს, ამ პერიოდის განმავლობაში კი მას მრჩეველთა საბჭო არ ჰყოლია. კანონით გაწერილი ამ რგოლის არარსებობას მერის მოვალეობის შემსრულებელი, მრჩეველთა საბჭოს წევრების მუდმივ მიგრაციით ხსნის. ამბობს, რომ საკითხზე აქტიურად მუშაობენ და ხულოს თვითმართველობას, მრჩეველთა საბჭო განახლებული შემადგენლობით მალე ეყოლება.
ხულოსგან განსხვავებით ქედის მერს, ლევან გორგილაძეს მრჩეველთა საბჭო ჰყავს, თუმცა რგოლს დღემდე ერთი კონკრეტული წერილობითი რეკომენდაცია არ გაუცია. ლევან გორგილაძე მათი მუშაობით კმაყოფილია და განმარტავს, რომ ყველა სენსიტიურ თემას საბჭოს შემადგენლობასთან განიხილავს .
კითხვაზე, რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მრჩეველთა საბჭომ იმუშავა ? ქედის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე თამაზ გოგიაშვილი,მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის პრობლემას ასახელებს. რაც შეეხება საბჭოს მუშაობის დაბალ აქტივობას, ამბობს, რომ მწირი მატერიალური და ფინანსური რესურსების ფონზე,მუშაობის ტემპი ცუდი არ არის.
შუახევის მერის მრჩეველთა საბჭო 17 წევრითაა დაკომპლექტებული. სიუჟეტზე მუშაობისას „მაცნე“ რგოლის მუშაობასაც დააკვირდა. სამუშაო შეხვედრაზე, სადაც კულტურის ცენტრის მიერ წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაობის შესახებ იყო საუბარი, მრჩეველთა საბჭორს წევრმა სიტყვიერტი ინიციატივა წარადგინა, რაც მცირე ბავშვიან სოფლებში ატრაციონების მოწყობას ეხებოდა.
შუახევის მერის განცხადებით, საბჭოს რეკომენდაციები ძირითადად ინფრასტრუქტურულ საკითხებს ეხება. ფრიდონ ფუტკარაძე ამბობს რომ მას მალე ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო ეყოლება.
არასამთავრობო ორგანიზაცია, ახალგაზრდა ეკონომისთა ასოციაცია, აჭარის მთიანეთის სამი მუნიციპალიტეტის მრჩეველთა საბჭოს მუშაობასთან დაკავშირებით მონიტორინგს მხოლოდ შუახევში ახორციელებს, ორგანიზაციის წარმომადგენელი, ლევან ოყრეშიძე აცხადებს, რომ მრჩეველთა საბჭოს მუშაობის გასაუმჯობესებლად რეკომენდაციებს ამზადებენ.
მუნიციპალიტეტებში, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მუშაობას, ადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი არეგულირებს. ამ კანონის შესაბამისად კი, საბჭო, როგორც მერის სათათბირო ორგანო, მუნიციპალიტეტებისთვის ადგილობრივი თვითმართველობის განხორციელების ერთ-ერთი საშუალებაა, რომელსაც მთიანი მუნიციპალიტეტები ხშირ შემთხვევაში არ იყენებს.
სიუჟეტი ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა.